
ინდუსტრიის ვეტერანი ჰანს რეი ელექტრო ველოსიპედების მკაფიო დეფინიციებს ითხოვს: ღია წერილი ველოინდუსტრიას
8 მარტი, 2026
ჰანს რეი პროფესიონალი თრაიალისტი, მთის ველოსიპედის (MTB) პიონერი და ველო-ბილიკების მოვლისა და ხელმისაწვდომობის აქტიური მხარდამჭერია. წლების განმავლობაში ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებდა და დღესაც უდიდესი გავლენა აქვს ველოინდუსტრიის განვითარებაზე.
აღსანიშნავია, რომ ჰანს რეის სპონსორია BOSCH eBike Systems, თუმცა ეს ღია წერილი მის პირად მოსაზრებებსა და ხედვებს ასახავს.
რატომ გვჭირდება ზღვარი: ღია წერილი ველოინდუსტრიას
„მივმართავ ლიდერებს, მწარმოებლებსა და ველომოყვარულებს, რომლებიც ჩვენს ინდუსტრიას ქმნით. ვწერ, რადგან გულწრფელად მაწუხებს ველოსიპედებისა და ელექტრო ველოსიპედების (E-bikes) მომავალი. ჩვენ გზაგასაყარზე ვართ. გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მივიღებთ ტერმინოლოგიის, სიმძლავრისა და დეფინიციების შესახებ, განსაზღვრავს, დარჩება თუ არა Class 1 e-bike ველოსიპედად, თუ მას გააიგივებენ მძლავრ მოტოციკლებთან.“
„დროა დავაზუსტოდ ჩვენი ენა და გავავლოთ მკაფიო ზღვარი: როდის წყვეტს e-bike ველოსიპედობას და ხდება ზედმეტად მძლავრი მანქანა?“
სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს
დღეს ტერმინი „e-bike“ ყველაფერს მოიცავს: მსუბუქი პედალ-ასისტის მქონე მთის ველოსიპედიდან დაწყებული, ელექტრო მოპედებითა და ნამდვილი მოტოციკლებით დამთავრებული. ეს ბუნდოვანება იწვევს კონფლიქტს რეგულატორებთან, ბილიკების მფლობელებთან და სხვა მომხმარებლებთან.
იდეალურ შემთხვევაში, E-bike უნდა ნიშნავდეს მხოლოდ ერთ რამეს:
Class 1 პედალ-ასისტი: მაქსიმალური სიჩქარე 20 mph (დაახლ. 32 კმ/სთ).
არანაირი „გაზის სახელური“ (Throttle).
ძრავის პიკური სიმძლავრე: არაუმეტეს 750 ვატისა.
მკაფიო კატეგორიები — მკაფიო მოლოდინები
ჰანს რეი გვთავაზობს მანქანების მკაცრ კლასიფიკაციას:
E-bicycle (EMTB): მხოლოდ Class 1 პედალ-ასისტი (20 mph, 750W max).
E-moped: აღჭურვილია ამაჩქარებლით (throttle), სიჩქარე აღემატება 20 mph-ს ან სიმძლავრე 750W-ზე მეტია (მოიცავს Class 2 და 3-ს).
E-motorcycle: მაღალი სიმძლავრის ელექტრო მოტოციკლები.
მარკირება უნდა იყოს სავალდებულო. ყველა ელექტრო ტრანსპორტს მკაფიოდ უნდა ეწეროს მისი კატეგორია, მაქსიმალური სიჩქარე და პიკური სიმძლავრე. ეს აუცილებელია გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობისთვის.
რატომ არის 750-ვატიანი ზღვარი გადამწყვეტი?
750 ვატი არ არის შემთხვევითი ციფრი. სწორედ ეს ზღვარი განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა ტრანსპორტი ველოსიპედად და დაუშვებენ თუ არა მას ველო-ბილიკებზე.
მნიშვნელოვანია განვასხვავოთ პიკური სიმძლავრე და ნომინალური სიმძლავრე:
ველოსიპედი, რომლის პიკური სიმძლავრე 750 ვატია, არასდროს აჭარბებს ამ მაჩვენებელს.
თუ ნომინალური სიმძლავრეა 750 ვატი, ძრავს შეუძლია ბევრად უფრო ძლიერი „აფეთქებები“ მოგცეთ, რაც მას მოტოციკლთან აახლოებს.
თუ ჩვენ დავუშვებთ სიმძლავრის მუდმივ ზრდას (ე.წ. power creep), ნუ გაგვიკვირდება, თუ ბილიკებზე წვდომას აგვიკრძალავენ და მკაცრ რეგულაციებს შემოიღებენ. ნიუ-ჯერსისა და კალიფორნიაში მსგავსი საკანონმდებლო განხილვები უკვე დაწყებულია.
მოწოდება პასუხისმგებლობისკენ
ჰანს რეი ინდუსტრიის ყველა რგოლს მოუწოდებს:
მწარმოებლებს: ნუ აჰყვებით ცდუნებას, გაზარდოთ სიმძლავრე მოკლევადიანი გაყიდვებისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის გრძელვადიანი კოლაფსი.
მედიას და მარკეტოლოგებს: გამოიყენეთ ზუსტი ტერმინოლოგია. დაეხმარეთ მომხმარებელს იმ ზღვარის დანახვაში, რომელიც იცავს ამ კატეგორიას.
ველომრბოლელებს: იარეთ პასუხისმგებლობით. ბილიკებზე წვდომა არ არის გარანტირებული უფლება, ის უნდა დავიმსახუროთ.
ადვოკატირების ჯგუფებს: დაიცავით Class 1-ის სტანდარტი მკაფიოდ და თანმიმდევრულად.
„იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს, უნდა შევწყვიტოთ კითხვა — 'რამდენი სიმძლავრის მიღება შეგვიძლია?' და დავსვათ კითხვა — 'რამდენი სიმძლავრეა უკვე ზედმეტი?'“
— ჰანს რეი



